ხშირად გაიგებთ ფრაზას: ფემინისტი არ ვარ, მაგრამ… ამ დროს ჩნდება ხოლმე კითხვა: რატომ? და რა არის ასეთი ცუდი ფემინისტობაში? ჩვენთან ფემინიზმის ძალიან არასწორი გაგებაა. არის ხალხის არცთუ მცირე ნაწილი, ვისაც ძალადობაზე მეტად ფემინიზმი სძულს. ეს, რა თქმა უნდა, ბრმა სიძულვილია. ამ დროს გვიჩნდება სურვილი, რომ ამ ადამიანებს ვუთხრათ: თუ თქვენ მხარს უჭერთ თანასწორობას, ყველასთვის თანასწორ უფლებებს, თქვენ ფემინისტი ხართ.
რატომ ვარ ფემინისტები? ჩვენ ვიცით, რომ ყველა კაცი ერთნაირი არაა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მავნე სტერეოტიპებს ყველა ადამიანზე ერთნაირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ სტერეოტიპების მსხვერპლი ყველა შეიძლება გახდეს, როგორც კაცი, ასევე ქალი, და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სწორედ ქალები უწყობენ ხელს არსებული სტერეოტიპების განმტკიცებას.
რისი გვჯერა? გვჯერა, რომ კაცის ბუნებაშიც არის ჩადებული მზრუნველობა, სენტიმენტალობა, და სხვა ისეთი თვისებები, რომლებიც ჩვენთან აპრიორი ქალის მახასიათებლებად აღიქმება. ასევე, ქალის ბუნებაშიც არის ჩადებული ლიდერობა, სიმტკიცე, დამოუკიდებლობა, მართვის უნარი.
საუკუნეების წინ კაცებმა, ძირითადად ფიზიკური ძალის გამო, ხელთ იგდეს უპირატესობა, მართვის სადავეები, და ქალებს ჩამოართვეს სწავლის, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის და სახლის გარეთ მუშაობის უფლება. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში უმეტესად კაცები გამოდიოდნენ დიდი მეცნიერები, კომპოზიტორები, მწერლები, მმართველები. დღეს კი, თანასწორობის მოწინააღმდეგეთა ძირითადი “არგუმენტია”, რომ დიდი მეცნიერების, კომპოზიტორების, მწერლების, მმართველების უმრავლესობა კაცები იყვნენ. ასე შეიქმნა ჩაკეტილი წრე, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვსულვართ.

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სკოლებში და უნივერსიტეტებში, გოგონები (მასიურად) ბიჭებზე კარგად სწავლობენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ გოგონები როგორც წესი, უფრო ბეჯითები არიან. ამის მიუხედავად, ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, კაცები უფრო მეტად იკავებენ მაღალ თანამდებობებს და პოზიციებს, ხოლო ერთი და იგივე საქმის შესრულებაში, როგორც წესი, კაცები ქალებზე უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ. ასევე, ამის მიუხედავად, დასაქმებულ ქალებს ძირითადად უფრო მეტი შრომა უწევთ – ისინი მუშაობენ როგორც გარეთ, ასევე სახლში. უმუშევარ ქალებს კი სახლში შესრულებულ საქმეებს და ბავშვების მოვლას სამსახურად არავინ უთვლის.
ჩვენ გვჯერა, რომ კაცებიც და ქალებიც იმაზე ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ამას ჩვენს საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი ზოგიერთი ყალბი სტერეოტიპი გვიხატავს და წარმოგვიდგენს.